თინათინ ასათიანი
თინათინ ლევანის ასული ასათიანი (დაიბადა 12 მარტი, 1918, თბილისი), ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ბიოგრაფია
1930წ დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა,ხოლო 1940წ წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი,სპეციალობით "ფიზიკა".1941წ იგი მიავლინეს ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში აკადემიკოს ა. ალიხანოვთან ასპირანტად,მაგრამ დაიწყო სამამულო ომი და თ. ასათიანი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.
1942 წელს ძმებმა აბრამ და არტემ ალიხანიანებმა საფუძველი ჩაუყარეს კოსმოსური სხივების საკვლევ მაღალმთიან სადგურს არარატის მთაზე,სადაც ასათიანი აწარმოებდა დაკვირვებებს კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერულ ღვარებზე პროფ.ა.ალიხანიანის ხელმძღვანელობით.
ამ დაკვირვებების საფუძველზე ასათიანმა ა.ალიხანიანთან ერთად აჩვენა კოსმოსური სხივების ე.წ. ვიწრო ღვარების არსებობა და შექმნა ფართო ატმოსფერული ღვარების მიერ წარმოქმნილი პირველადი ნაწილაკების ენერგიის განსაზღვრის ახალი მეთოდი.სწორედ ეს გამოკვლევები დაედო საფუძვლად მის საკანდიდატო დისერტაციას,რომელიც თ. ასათიანმა დაიცვა მოსკოვის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 1945წ.
შემდგომში ასათიანი ხელმძღვანელობს ლაბორატორიას ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში და თავის თანამშრომლებთან ერთად აგრძელებს კოსმოსური სხივების ნაკადში მიუონების პოლარიზაციის შესწავლას.
60-იანი წლების დასაწყისში ა. ალიხანიანისა და ასათიანის ხელმძღვანელობით ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში გაფართოვდა მუშაობა ნაწილაკების დეტექტორების მეთოდიკის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.შეიქმნა მთელი რიგი ექსპერიმენტული დანადგარებისა.მათზე ჩატარებული დაკვირვებები და მიღებული შედეგები ფრიად საინტერესოა.მათგან მნიშვნელოვანია ელემენტარული ნაწილაკების გამოკვლევებისათვის ნაპერწკლური კამერების მეთოდიკის შემუშავება,კერძოდ,ისეთი ნაპერწკლური კამერებისა,რომლებსაც საკმაოდ დიდი განმუხტვის შუალედი გააჩნიათ.ამ მეთოდის განვითარებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფართოღრეჩოიანი ნაპერწკლური კამერის მოთავსება მაგნიტურ ველში,რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა შემდეგი მოვლენა:ნაპერწკალი მიჰყვებოდა ნაწილაკის წრიულ ტრაექტორიას,რაც საშუალებას იძლეოდა შემუშავებულიყო დამუხტული ნაწილაკების იმპულსის გაზომვის ახალი მეთოდიკა.ყოველივე ამან საგრძნობლად გაზარდა ასეთი ტიპის კამერების გამოყენების სფერო.მათი გამოყენებით მიღებულ იქნა მთელი რიგი საინტერესო შედეგები ელემენტარული ნაწილაკების შესწავლის საქმე.
პირველად ნაპერწკალური კამერები შექმნილი იყო ორმოცდაათიანი წლების ბოლოს,ხოლო ფიზიკურ ექსპერიმენტებში ჭეშმარიტი გამოყენება მათ ჰპოვეს 1959წელს,როდესაც იაპონელმა ფიზიკოსმა ფუკუიმ და მიამოტომ კამერები ჰაერის ნაცვლად შეავსეს ნეონით,რითაც კამერებმა სრულიად ახალი ღირსება შეიძინეს.
1964წ.კვლავ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად თბილისში გ. ჩიქოვანმა და ვ. როინიშვილმა,ხოლო მოსკოვში ბ. დოლგოშეინმა და ბ. ლუჩკოვმა შექმნეს იზოტროპული ნაპერწკალური კამერის ახალი ტიპი დიდი განმუხტვის შუალედით სტრიმერული კამერა.
ასთიანის ღვაწლი ფართოღრეჩოიანი ნაპერწკალური კამერების განვითარებაში ნათლად ჩანს იქიდან,რომ სხვა ფიზიკოსებთან ერთად.1970წ.ლენინური პრემია მიანიჭეს.
ასთიანის ჯგუფმა შექმნა მარტივი ნაწილაკების სივრცითი ტრაექტორიის აღდგენის მეთოდი.მათვე დაამუშავეს საკალიბრებელი გაზომვების მეთოდიკა და მოგვცეს მეორე პროექციის განსაზღვრის სიზუსტე ოპტიკური სოლით;გაზომეს იმპულსური სპექტრი ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებისა,რომელიც დაკავშირებული იყო მიუონების ენერგიასთან,ზუსტად აღწერეს ფართოღრეჩოიან ნაპერწკლურ კამერაში მიღებულ ტრეკების ავტომატურ დამუშავების პროგრამა 1700 შემთხვევისათვის.
თ.ასათიანმა გამოაქვეყნა დაახლოებით 200-მდე სამეცნიერო შრომა სამამულო და საზღვარგარეთის ჟურნალებში.ის არაერთხელ გამოსულა სამეცნიერო მოხსენებებით როგორც საბჭოთა კავშირში,ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.ასე, მაგ. სამეცნიერო კონფერეციებში კოსმოსური სხივების შესახებ იაპონიაში (1961წ.),ინდოეთში(1963წ.),კანადაში(1967წ.) საერთაშორისო კონფერენციებზე მაღალი ენერგიის ნაწილაკებზე და საერთაშორისო სიმპოზიუმებზე ბირთვულ ელექტრონიკაში საფრანგეთში (1968წ.).